English / ქართული / русский /
ავთანდილ სულაბერიძე
მეორე დემოგრაფიული დივიდენდის ფორმირების თავისებურებანი ევროკავშირის და პოსტკომუნისტური ქვეყნების ფონზე საქართველოში

ანოტაცია

საქართველოში მეორე დემოგრაფიული დივიდენდის ფორმირების საკითხები განხილულია ქვეყნის რეგიონების დემოგრაფიული განვითარების და დემოგრაფიული დაბერების ტენდენციების ფონზე. მიზნიდან გამომდინარე, ძირითადი აქცენტი დემოგრაფიული დაბერების სტრუქტურულ თავისებურებებზეა გამახვილებული და შედარებულია ევროკავშირის და პოსტ-კომუნისტურ ქვეყნებთან. ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური და დემოგრაფიული უსაფრთხოებიდან გამომდინარე, არსებითი ყურადღება უნდა დავუთმოთ მეორე დემოგრაფიული კაპიტალის გამო¬ყენებას, განსაკუთრებით დეპოპულაციის მქონე რაიონებში.

საკვანძო სიტყვები: დემოგრაფიული სტრუქტურა,დემოგრაფიული დივიდენდი, საპენსიო ასაკი, დემოგრაფიული დაბერება, მიგრაცია,

შესავალი

დემოგრაფიული დაბერება საქართველოში ჯერ კიდევ 1959 წელს, არსებული „ბეიბი ბუმის" დროს აღინიშნა, როდესაც 65 წელს გადაცილებულთა წილმა მოსახლეობის საერთო რაოდენობაში 7,7% შეადგინა [სულაბერიძე ა., 1986]. ამასთან, დაბადებისას მოსახლეობის სოცოცხლის ხანგრძლი-ვობის ოფიციალური მაჩვენებელი 72,7 წელი, დღევანდელ დონეს 73,0 წელს უტოლდებოდა, ანუ ეს მაჩვენებელი 1960-2014 წლებში სტაგნაციით ხასიათდებოდა, რაც, თავის მხრივ, 1989 წლამდე, გა-ნაპირობებდა მოსახლეობის დაბერების დაბალ ტემპს [სულაბერიძე ა., 2016].

დემოგრაფიული დაბერების დონის ინტენსივობის შეფასების ჟ. კალოს და ჟ. შესნეს მეთოდის [შელია მ., 2013] შესაბამისად, 65 წელს გადაცილებული მოსახლეობა, ჩვენი გაანგარიშებით, 1960-2014 წლებში 6,7 წლით დაბერდა. აღნიშნული პოზიტიური იქნებოდა, თუ მოსახლეობის საშუალო მედი-ანური ასაკი არ გაიზრდებოდა, მაგრამ იგი 2002 წელთან შედარებით, 2014 წლისთვის კიდევ 2 წლით გაიზარდა და 39 წელს გადააჭარბა, ხოლო აშშ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მონაცემებით იგი 40,7 წელს აღწევს. მედიანური ასაკის მიხედვით საქართველო ამჟამად „უსწრებს" თავის ყველა მეზობელს და რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ კავკასიის ავტონომიურ-სახელმწიფოებრივი წარმონაქმნების შესაბამის მაჩვენებლებს. კერძოდ, აღნიშნული ინდიკატორით საქართველო "უსწრებს" სომხეთს 5.2 წლით, რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ კავკასიის ფედერ-ალური ოლქის საშუალო მაჩვენებელს (30,5 წელი) – 7.1 წლით, აზერბაიჯანს – 9.2 წლით, თურქეთს – 9.3 წლით, საშუალო მსოფლიო მედიანურ ასაკს კი – 8.5 წლით [არჩვაძე ი., 2012].

ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ქვეყნის გარეთ ემიგრაციის მაღალმა ტემპმა, 2002 წლისთვის განაპირობა დემოგრაფიული დაბერების სწრაფი ზრდა 12,8%-მდე, ხოლო 2015 წლისთვის მან 13,9% შეადგინა, თუმცა ექსპერტული შეფასებითი იგი უფრო მაღალია და 15,9%-ს შეადგენს [წულაძე გ., 2016], ანუ 1992 წლიდან დემოგრაფიული დაბერების პროცესში გარე მიგრაციის სახით ჩაერთო ახალი, მესამე დემოგრაფიული კომპონენტი. 20-50 წლის შრომით ემიგრანტები თითქმის ორჯერ აღემატება ქვეყანაში დარჩენილ ამ ასაკის მოსახლეობას.ქვეყნიდან გასული 1.7 მლნ-ზე მეტი მიგრანტიდან, შეფასებითი გაანგარიშებით მოსალოდნელია უკან აღარ დაბრუნდეს დაახლოებით 800 ათასი კაცი [Арчвадзе И., 2013].

დემოგრაფიული დაბერება ქვეყანაში არსებული მაღალი უმუშევრობის და სიღარიბის დონის პირობებში კიდევ უფრო „ამძიმებს" ხანდაზმულთა დემოგრაფიული დატვირთვის მაღალ მაჩვენებელს, რაც გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დინამიზმზე [Sulaberidze A., 1999]. სამუშაო ასაკის მოსახლეობის მოსალოდნელი შემცირების შედეგად წარმოქმნილი დემოგრაფიული დეფიციტის პირობებში კიდევ უფრო გაიზრდება ხანდაზმულთა დემოგრაფიული დატვირთვა. შესაბამისად გაიზრდება დემოგრაფიული დეფიციტის სოციალურ ფასი, რაც მნიშვნელოვან პრობ¬ლემებს წარმოქმნის მოსახლეობის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის საბიუჯეტო სახსრების მოძიებაში.

* * *

მსოფლიოს ზოგად დემოგრაფიულ ვითარებასთან შედარებით, საქართველოს ერთ-ერთი თავისებურება ისაა, რომ მოსახლეობის აღწარმოების თვალსაზრისით, საქართველო განვითარებული ქვეყნების, ხოლო გარე მიგრაციის თვალსაზრისით – ნაკლებად განვითარებული ქვეყნების მსგავსია [Сулаберидзе ა., 2014].

2016 წლის 1 იანვრისათვის საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა, 1992 წელთან შედა¬რებით 1 730 ათასით (31.7%-ით) შემცირდა და 3720.4 ათას კაცს შეადგენს. მოსახლეობა შემცირდა როგორც ქალაქად, ასევე სოფლად, მაგრამ მოსახლეობის შემცირებამ ძირითადად სოფელი დააზარალა, რომლის მოსახლეობა 33,9%-ით, ხოლო ქალაქის – 28,9%-ით შემცირდა. წლიდან წლამდე უკაცრიელი სოფლების რაოდენობა საქართველოში მატულობს. მხოლოდ 2002 წლის შემდეგ 2014 წლამდე საქართველოში კიდევ 60-ზე მეტი სოფელი გაუკაცრიელდა და 223 სოფელი შეადგინა [წულაძე გ., სულაბერიძე ა., 2016].

საქართველოში, დღეისათვის მოსახლეობის გაფართოებული აღწარმოების დონეზე (215 ბავშ¬ვი 100 ქალზე) შობადობის ზრდის მიუხედავად, უახლოეს პერიოდში მისი შემცირების ფონზე, მოკვდაობის ზრდის პირობებში, მოსახლეობის ბუნებრივი კლების შედეგად, დეპოპულაციაა მოსალოდნელი. 2030 წლისთვის, შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტი კრიტიკულ ზღვართან შედარებით 0,37 ბავშვით ნაკლები იქნება, რაც მიუთითებს მოსახლეობის შეკვეცილ აღწარმოებაზე. ეს კი, კიდევ უფრო გააუარესებს 2050 წლის დემოგრაფიულ პოტენციალს. მიუხედავად შემცირებისა, ჩვილთა მოკვდაობა (13,9%), ისევე, როგორც დღეს, 2030 წლისთვის განვითარებული ქვეყნების მაჩვენებელზე მაღალი იქნება. მართალია, გაიზრდება მოსახლეობის სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა დაბადებისას, როგორც ორივე სქესისთვის (75,2 წელი), ასევე მამაკაცებისთვის (71,9 წელი) და ქალებისთვის (78,2 წელი), მაგრამ ეს მაჩვენებლები განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით ასევე შესამჩნევად დაბალ დონეზე იქნება. ასევე მცირდება, მაგრამ მაინც საგანგაშოა მამაკაცთა და ქალთა დაბადებისას სიცოცხლის მოსალოდნელ ხანგრძლივობათა შორის სხვაობა, რაც დღეისათვის 7-8 წელს შეადგენს.

ქვეყნის დემოგრაფიული განვითარების გაუარესების თვალსაზრით, ბევრად უფრო ცუდადაა საქმე რეგიონებში. 2016 წლისთვის თბილისზე, აჭარაზე, სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლზე მოდიოდა მოსახლეობის 54.7 პროცენტი და დაბადებულთა საერთო რაოდენობის 56.6 პროცენტი.დანარჩენ მხარეთა ცალკეულ რაიონებში კი დეპოპულაციაა [წულაძე გ., სულაბერიძე ა., 2016].

2030 წლისთვის მოსალოდნელია მიგრაციის დადებითი სალდო 0,3‰-ის ფარგლებში, რაც უმნიშვნელოა, და, ფაქტობრივად ნულოვანი სალდოს ფარგლებში 1000 კაცს შეადგენს.

ქვეყნიდან ისევ მოსალოდნელია ახალგაზრდობის გადინება, თუმცა მათ რაოდენობას გადაფარავს უცხოეთიდან დაბრუნებული 65 წელს გადაცილებული მოსახლეობის ნაწილი.

კიდევ უფრო გაუარესდება, დღეისათვის უკვე დეფორმირებული, მოსახლეობის რეგრესული ასაკობრივი სტრუქტურა. შობადობის შემცირების შედეგად, 2030 წლისთვის, მოსახლეობის საერთო რაოდენობაში 16,4%-მდე შემცირდება 15 წლამდე ასაკის და 16,9%-მდე გაიზრდება 65 წელს გადაცილებული მოსახლეობის წილი, ანუ ერთმანეთს გაუთანაბრდება, რაც მოსახლეობის დაბერების მაღალ დონეზე მეტყველებს. დემოგრაფიული დაბერება 2030 წლისთვის კრიტიკულ ზღვართან შედარებით 2,4-ჯერ მაღალი იქნება და შობადობის შემცირებასთან ერთად მას განსაზღვრავს ერთი მხრივ, დაბალ დონეზე მოსახლეობის სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის ზრდა, მეორე მხრივ, სამშობლოში 65 წელს გადაცილებულ ემიგრანტთა ნაწილის დაბრუნება. ამ ფონზე 66,6%-მდე მცირდება შრომისუნარიანი მოსახლეობის წილიც, რაც გარკვეულ პრობლემებს შეუქმნის ქვეყნის დემოგრაფიულ და სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას.

დემოგრაფიული დაბერების მაღალი ინტენსიობით განსაკუთრებით მთიანი რაიონები ხასიათდება. საქართველოს რეგიონებიდან ყველაზე ახალგაზრდული შემადგენლობით გამოირჩევა: ქვემო ქართლი, ხოლო შემდეგ აჭარა, თბილისი, შიგა ქართლი და სამცხე-ჯავახეთი. დაბალია 15 წლამდე მოსახლეობის წილი დეპოპულაციის მქონე რეგიონებში რაჭა-ლეჩხუმში და ქვემო სვა¬ნეთში, იმერეთში, გურიაში, მცხეთა-მთიანეთში და კახეთში. სამაგიეროდ, ამ რეგიონებში, განსა¬კუთრებით რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში ყველაზე დაბერებული მოსახლეობაა. დაბერებული მოსახლეობის ყველაზე დაბალი წილი აჭარასა და ქვემო ქართლშია [წულაძე გ., სულაბერიძე ა., 2016].

საქართველოში მეორე დემოგრაფიული დივიდენდის ფორმირების უკეთ შეფასებისთვის საქართველოს დემოგრაფიულ დაბერებაზე მოქმედ დემოგრაფიულ მაჩვენებლებს შევადარებთ ევროკავშირის და პოსტკომუნისტური ქვეყნების მაჩვენებლებს. მიზნიდან გამომდინარე, ძირითად აქცენტს დემოგრაფიული დაბერების სტრუქტურულ თავისებურებებზე გადავიტანთ [სულაბერიძე ა., შინჯიაშვილი თ., 2012].

1. დემოგრაფიული დაბერების პირველი თავისებურება ისაა, რომ, ევროკავშირის ქვეყნებისგან საქართველო გამოირჩევა დემოგრაფიული დაბერების (65 წელს გადაცილებულთა წილი მოსახ¬ლეობის საერთო რაოდენობაში) დაბალ დონესთან ერთად 15 წლამდე ასაკის მოსახლეობის შედარებით მაღალი დონით. ამ უკანასკნელის შედეგად საქართველოს შრომითი რესურსების შევსების რეზერვი მეტია.

2. მინიმუმ 1-დან 7,4 წლამდე ვარირებს საშუალო მედიანურ ასაკთა შორის სხვაობა. ანუ საქართველოს მოსახლეობა შედარებით უფრო ახალგაზრდულია, ვიდრე ევროკავშირის ქვეყნების და რუსეთის.

3. მოსახლეობის საერთო რაოდენობაში 80 წელს გადაცილებული მოსახლეობის წილი 3,0%-ზე დაბალია. საქართველოს, გარდა რუსეთის და სლოვაკეთისა, დაბერების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს, ხოლო 15 წლამდე ასაკის მოსახლეობის წილით საფრანგეთის, ნორვეგიის, დანიის და დიდი ბრიტანეთის შემდეგ ყველაზე მაღალი. აღნიშნულის შედეგად, მოსახლეობის საშუალო მედიანური ასაკიც მათთან შედარებით დაბალია. რაც შეეხება 80 წელს გადაცილებული მოსახლეობის წილს მთელ მოსახლეობაში, ჩამორჩება სხვა ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებლებს.

4. რაც ყველაზე ნიშანდობლივია, საქართველოსგან განსხვავებით, მამაკაცთა საპენსიო ასაკი 65 წელი, ხოლო ქალთა 60 წელი, არის სწორედ იმ ქვეყნებში, სადაც 80 წელს გადაცილებული მოსახლეობა 4,0%-ზე მეტია. აღსანიშნავია, რომ საფრანგეთში, სადაც იტალიის შემდეგ 80 წელს გადაცილებულთა წილი (5,6%) ევროპაში ყველაზე მაღალია, საპენსიო ასაკის 62 წლამდე გაზრდაზე ცხარე დისკუსიაა გამართული.

5. საინტერესოა ის, რომ მამაკაცთა სიცოცხლის ხანგრძლივობასა და საპენსიო ასაკს შორის სხვაობა, ევროპის ქვეყნებთან შედარებით საქართველოში, რუსეთის შემდეგ ყველაზე დაბალია. ქალთა ანალოგიური მაჩვენებელი (18,7 წელი) საკმაოდ მაღალია და ევროკავშირის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს აღემატება. მამაკაცთა და ქალთა მაჩვენებლების ასეთი კონტრასტული განსხვავება გამოწვეულია არა მხოლოდ მათ შორის მინიმალური საპენსიო ასაკიდან გამომდინარე, არამედ დაბადებისას მოსალოდნელი სიცოცხლის ხანგრძლივობაში არსებული სხვაობითაც, რაც უარყოფითად აისახება ქვეყნის საპენსიო ასაკის მოსახლეობის სტრუქტურაში.

6. საქართველოში, განსხვავებით სხვა ქვეყნებისგან, საპენსიო რეფორმა ძირითადად ფისკა¬ლურ ხასიათს ატარებდა და არ გათვალისწინებულა 55 წელს გადაცილებული მოსახლეობის ასაკობრივ-სქესობრივი სტრუქტურის თავისებურებანი. საქართველოს 55 წელს გადაცილებული მოსახლეობის გენდერული სტრუქტურის ყველა ასაკობრივ ჯგუფში, ტრენდი ერთნაირია, ქალთა მეტობა მამაკაცებზე, განსაკუთრებით აღსანიშნავია საპენსიო ასაკის ქალთა (68,0%) და მამაკაცთა (32%) შორის მაღალი დისპროპორცია (36%).

7. ყურადსაღებია 55-60 წლის ასაკობრივი ჯგუფის (წინასაპენსიო ასაკის) და საერთოდ საპენსიო ასაკის მოსახლეობის ასაკობრივ-სქესობრივი სტრუქტურა. კერძოდ, ქალთა მეტობა მამაკაცებზე 60 წლის, განსაკუთრებით 65 წლის ზემო ასაკებში. 55 წელს გადაცილებულ მამაკაცთა ნაკლებობა ქალების რაოდენობაზე, მიანიშნებს ქალებთან შედარებით მათ მაღალ ავადობაზე და ზემოკვდაობაზე, რის გამოც, დღევანდელ საპენსიო ასაკს _ 65 წელს, ქალებთან შედარებით, მამაკაცთა ნაკლები რაოდენობა აღწევს.

8. ევროკავშირის ქვეყნების საპენსიო ასაკის მოსახლეობის სტრუქტურისგან საქართველოს ერთ-ერთი ძირითადი განმასხვავებელი თავისებურება ისაა, რომ ქვეყნის დემოგრაფიულ დაბერებაში მნიშვნელოვანია არა იმდენად შობადობის შემცირება, არამედ ემიგრაციის მაღალ დონესთან ერთად, სიცოცხლის ხანგრძლივობის დაბალი დონე, რაც გამოწვეულია მამაკაცთა ზემოკვდაობით შრომისუნარიან ასაკებში და განსაკუთრებით 55 წელს ზემო ასაკის მამაკაცებში. სიცოცხლის ხანგრძლივობის დაბალი მაჩვენებელი საბოლოო ჯამში აისახება საპენსიო ასაკის მოსახლეობის ასაკობრივ-სქესობრივ სტრუქტურაში.

9. საქართველოს საპენსიო ასაკის მოსახლეობის სტრუქტურაში აშკარაა, რომ სიცოცხლის დაბალი ხანგრძლივობის გამო 75 წლის ზემო ასაკის მოსახლეობა მცირეა, განსაკუთრებით მამაკაცების, რომ აღარაფერი ვთქვათ 80 წელს გადაცილებულ მამაკაცებზე. ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებით საქართველოს საპენსიო ასაკის მოსახლეობის ასაკობრივი სტრუქტურა უფრო "შეკუმშულია" და "დაძაბული". მათგან განსხვავებით, ქვეყნის საპენსიო ასაკის მოსახლეობის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილით წარმოდგენილია 70-74 და 65-69 ასაკობრივი ჯგუფები, განსაკუთრებით მამაკაცებში. აღნიშნული ადასტურებს, რომ წინა საპენსიო და საპენსიო ასაკებში მამაკაცთა ავადობა და მოკვდაობა ბევრად აღემატება ქალებისას. შესაბამისად, ამითაა განპირობებული ისედაც დაბალი სიცოცხლის მოსალოდნელ ხანგრძლივობაში მათ შორის მაღალი სხვაობაც.

10. 50 წელს გადაცილებული მოსახლეობის გარდაცვალების ძირითად მიზეზთა შორის პირ¬ველ ადგილზეა სისხლის მიმოქცევის სისტემით (IX კლასი), შემდეგ, ახალწარმონაქმნებით (II კლასი), სუნთქვითი ორგანოებით (X კლასი) და საჭმლის მომნელებელი ორგანოებით დაავადებები (XI კლასი), რომელთა წილი გარდაცვალებულთა საერთო რაოდენობის 45,2%-ს შეადგენს. აღნიშნული მიზეზებით გარდაცვალებულთა კოეფიციენტი განსაკუთრებით მაღალია წინა საპენსიო და 60-64 წლის ასაკის მამაკაცებში. საგანგაშოა ზემოთ დასახელებული ავადობის მიზეზებით გარდა¬ცვლილთა შედარება სქესობრივ ჭრილში. საერთოდ, ქალებთან შედარებით მამაკაცთა ზემოკვდაობა სხვა ქვეყნებისათვისაც დამახასიათებელია, თუმცა, იქ ქალთა და მამაკაცთა მოკვდაობის დონეთა შორის განსხვავებები შედარებით დაბალია. ჩვენთან კი მამაკაცთა მოკვდაობის დონე 17,4%-ით მეტია ქალთა მოკვდაობაზე, რაც ფაქტობრივად აისახება კიდეც ქალთა და მამაკაცთა სიცოცხლის ხანგრძლივობას შორის არსებულ სხვაობაშიც. განსაკუთრებით შემაშფოთებელია 50-60 წლის ასაკობრივი ჯგუფი, სადაც მამაკაცთა ზემოკვდაობა ქალებთან შედარებით თითქმის 3-ჯერ, ხოლო 60-65 წლის ასაკობრივ ჯგუფებში ორჯერ მაღალია.

11. საპენსიო რეფორმისას ყველა ქვეყანა ითვალისწინებს მოსალოდნელი სიცოცხლის ხანგრძლივობის მაჩვენებლებს, რაც ჩვენთან ასევე არ გათვალისწინებულა გენდერულ ჭრილში. განსაკუთრებით საყურადღებოა მამაკაცთა და ქალთა დაბადებისას სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის 7 წლიანი სხვაობა. 55 წლის ზემო ასაკის მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძ¬ლივობა, ბუნებრივია, მცირდება, მაგრამ ასევე საკმაოდ მაღალია გენდერული სხვაობა, განსა¬კუთრებით წინა საპენსიო ასაკებში, რომელიც ქალთა სასარგებლოდ 6,37 და 3,62 წლებს შორის ვარირებს.

გაერო-ს პროგნოზის თანახმად, დღევანდელთან შედარებით 20025-2030 წწ. დაბადებისას მოსახლეობის მოსალოდნელი სიცოცხლის ხანგრძლივობა 1,5 წლით იზრდება. ამ ფონზე 1,7 წლით იზრდება მამაკაცთა, ხოლო 1,3 წლით ქალების. მიუხედავად ამისა, მამაკაცთა მოსალოდნელი სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდის 0,4 წლით მეტობა ქალებთან შედარებით, მაინც ვერ უზრუნველყოფს მათ შორის სიცოცხლის ხანგრძლივობაში არსებული სხვაობის მნიშვნელოვან შემცი¬რებას და სხვაობა 7 წლის დონეზე რჩება. ამასთან, უმნიშვნელოდ იზრდება 55 წლის ზემო ასაკის ქალთა და მამაკაცთა სიცოცხლის ხანგრძლივობა და იგი 0,1 წლიდან 1,0 წლამდე ვარირებს [წულაძე გ., 2013].

დასკვნა

დემოგრაფიული დაბერება და ნებისმიერი სახის საპენსიო რეფორმა დაკავშირებულია ერთი მხრივ, ადამიანისეულ, მეორე მხრივ, ფინანსურ რესურსებთან. რატომღაც ჩვენთან, ევროკავშირის და პოსტკომუნისტური ქვეყნებისგან განსხვავებით, მეორეს მიანიჭეს უპირატესობა და უყურად¬ღებოდ დატოვეს ადამიანისეული კაპიტალი.

დემოგრაფიული დაბერება, ქვეყანაში არსებული მაღალი უმუშევრობის და სიღარიბის დონის პირობებში, კიდევ უფრო „ამძიმებს" ხანდაზმულთა დემოგრაფიული დატვირთვის მაღალ მაჩვე¬ნებელს, რაც გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დინამიზმზე. სამუშაო ასაკის მოსახლეობის მოსალოდნელი შემცირების შედეგად წარმოქმნილ დემოგრაფიული დეფიციტის პირობებში კიდევ უფრო გაიზრდება ხანდაზმულთა დემოგრაფიული დატვირთვა. შესაბამისად გაიზრდება დემოგრაფიული დეფიციტის სოციალური ფასი, რაც მნიშვნელოვან პრობლემებს წარმოქმნის მოსახლეობის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის საბიუჯეტო სახსრების მოძიებაში.

ქვეყნის სოციალურ-დემოგრაფიული უსაფრთხოებიდან გამომდინარე, არსებითი მნიშვნელობა უნდა დავუთმოთ ადამიანისეულ რესურსს, მეორე დემოგრაფიული დივიდენდის გამოყენების თვალსაზრისით. ამ მიზნით ბიზნესი უნადა გავიტანოთ თბილისის გარეთ მცირე და საშუალო ქალაქებში და სოფლებში. არსებითი მნიშვნელობა ენიჭება საოჯახო ბიზნესის (თუნდაც ტურიზ¬მის, განსაკუთრებით) განვითარებას დეპოპულაციის მქონე რაიონებში.

გამოყენებული ლიტერატურა

1. არჩვაძე ი., 2012. სამხრეთ კავკასიის ქვეყნები: 2003-2011. თბილისი.
2. სულაბერიძე ა., 1986. საქართველოს მთიანეთის დემოგრაფიული პრობლემები. თბილისი.
3. სულაბერიძე ა., გომელაური ნ., 2016. დემოგრაფიული დაბერება და მეორე დემოგრაფიული დივიდენდის ფორმირების თავისებურებანი საქართველოში. ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენციის მასალები. თსუ.
4. სულაბერიძე ა., შინჯიაშვილი თ., 2012. საპენსიო სისტემის რეფორმის დემოგრაფიული კონტექსტი. ჟ. "ეკონომისტი". №4.გვ. 5-14.
5. შელია მ., 2013. ხანდაზმული მოსახლეობა საქართველოში. თბილისი. „უნივერსალი".
6. წულაძე გ., სულაბერიძე ა., 2016. საქართველოს რეგიონების დემოგრაფიული თავისე-ბურებანი. თბილისი.
7. წულაძე გ., 2013. საქართველოს დემოგრაფიული პერსპექტივები: 2015-2300. თბილისი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
8. Арчвадзе И. 2013.Влияние трудовой миграции на индикаторы характеризующие состояние рынка труда.– Миграция. Сборник статей, 6. Тбилиси, «Универсал».
9. Сулаберидзе ა. Особенности демографического перехода в Грузии на фоне посткоммунистических стран. XIV Апрельская международная научная конференция по проблемам развития экономики и общества. т. 2. 11. მ. 2014. с. 758-767.
10. Sulaberidze A. Toward Poverty Eradication in Georgia. Poverty in Transition and Transition in Poverty. Published in Association with UNESCO. 1999. p. 147- 195.
11. https://en.wikipedia.org/wiki/List_of_countries_by_median_age
12. Tsuladze G. 2016. Demographic yearbook of Georgia 2015. „Vesta“. p. 18-35.